ქრისტიანობა — ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიაა ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი — ბიბლია, განსაკუთრებით, მისი მეორე ნაწილი — ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე.წ. „აბრაამისეულ რელიგიებს“.
ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია – კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი – ეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი „სასწაულის“ შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.
ქრისტიანული სწავლება მოიცავს სწავლებას ღმერთის, იესო ქრისტეს, სულიწმინდის, სულის ცხონების, ეკლესიის არსის და სამყაროს აღსასრულის შესახებ და გარკვეულწილად ეფუძნება ძველი აღთქმის ათ მცნებას:
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
6. არა კაც-ჰკლა.
7. არ იმრუშო.
8. არ იპარო.
9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
ქრისტეს მთაზე ქადაგება იესოს მოძღვრების ბირთვს წარმოადგენს. მამა ღმერთის ათ მცნებასთან ერთად ქრისტეს სწავლება ქრისტიანთათვის წმინდათა-წმინდაა. სულიწმინდის შთაგონებით მას სრულყოფილად მათე მოციქული გადმოგვცემს წმინდა წერილში: მათე 5,1-48 , მათე 6,1-34 , მათე 7,1-29 .
რომის პაპები მიისწრაფვოდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის დაქვემდებარებისკენ და აღვივებდნენ პაექრობას კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან საღვთისმეყველო საკითხების ირგვლივ. 1054 წელს, რომის პაპმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ელჩები - ლეგატები. ლეგატებმა წმინდა სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბერძნული ეკლესიის წყევლა-კრულვის შემცველი სიგელი. ბერძნულმა სამღვდელოებამ დაწვა წერილი და თავის მხრივ წყევლა-კრულვა შეუთვალა რომის პაპს. ამის გამო, 1054 წელს, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ გაიყო. აღმოსავლურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდა, ხოლო დასავლურს - კათოლიკური
კათოლიკური ეკლესია ამჟმადაც ცენტრალიზებულია და ექვემდებარება რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებლური - დეცენტრალიზებული ავტოკეფალიურ ეკლესიებად. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდებოდა 1960-იანი წლების რეფორმებამდე (ვატიკანის II კრება) , მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი - ეროვნულ ენებზე.
IV საუკუნეში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ თავისი მოწყობა რომის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფას შეუსაბამა. რომის იმპერია იყოფოდა დაახლოებით 100 პროვინციად, ყოველი პროვინცია - რამდენიმე საქალაქო ოლქად. ქრისტიანულმა ეკლესიამ ამ ოლქებში სამრევლოები მოაწყო, რომლებსაც მღვდლები უძღვებოდნენ. ისინი ექვემდებარებოდნენ სამოქალაქო ოლქის ეპისკოპოსს, ხოლო საქალაქო ოლქების ეპისკოპოსები - პროვინციის არქიეპისკოპოსს (მთავარ ეპისკოპოსს). არქიეპისკოპოსებზე უფრო მაღლა იდგნენ პატრიარქები. საპატრიარქო იყო ხუთი: რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის. მიჩნეული იყო, რომ საპატრიარქოები იესო ქრისტეს მოციქულებმა დააარსეს. ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობას განასახიარებდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები.
საქართველოში პირველი მონასტრები ვახტანგ გორგასალმა დააარსა V საუკუნის მეორე ნახევარში. სამონასტრო მოღვაწეობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო VI საუკუნეში, ასურელ მამათა მოსვლის შემდეგ.
დასავლეთში ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ბენედიქტე, რომელიც VI საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. მან შექმნა პირველი სამონასტრო წესდება. დასავლეთში დიდ მონასტრებს სააბატოებს უწოდებენ, ხოლო მათ წინამძღვრებს - აბატებს. როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მონასტრებს თავისი მეურნეობა აქვთ. მონასტრებში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, ბევრ მონასტერთან არსებობდა სკოლა. ზოგ მონასტერში ეწეოდნენ მეცნიერულ-თეოლოგიურ მოღვაწეობას.
მართლმადიდებლობა, ქრისტეს მოძღვრების მართალი აღმსარებლობა, თვითშეფასებით, დასაბამს მოციქულთა ხანიდან იღებს და დღემდე შეურყვნელად და მრთელად ინახავს მას. ამიტომაც იგი თავის თავს მიიჩნევს იმავე ეკლესიად, რაზედაც მრწამსშია ნათქვამი: "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქული ეკლესია". რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, რომლებთანაც მას არა აქვს ევქარისტიული კავშირი, ისინი გაიაზრებიან არა ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განშტოებებად, (ერთი არასოდეს დაშლილა), არამედ მისგან ჩამოშორებულებად (განდგომილებად) ისტორიის განმავლობაში.
„მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ“ (ინ. 5,17) - უფალ იესო ქრისტეს ამ სიტყვებში ჩანს სამყაროზე საღვთო განგებულების უწყვეტობის ჭეშმარიტება. მართალია, „აკურთხა ღმერთმან დღე მეშვიდე და წმიდა-ჰყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა“ (შესაქ. 2,3), მაგრამ მას სამყარო ბედის ანაბარა არ მიუტოვებია. ღმერთი „თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო... რამეთუ მის მიერ ცხოველ ვიქცევით და ვართ“ (საქმ. 17,25,28). სამყაროს არსებობა ღვთიური ძალის ხელშია, იგი მონაწილეობს ქმნილ ძალთა ყოველ ქმედებაში. ღვთის ცხოველი ნების წყალობით ხდება ეგრეთწოდებულ ბუნების კანონთა მუდმივობის შენარჩუნება, სხვანაირად ისინი უძლურნი და უმოქმედონი იქნებოდნენ.
საღვთო მამობრივი განგებულება დედამიწაზე ყველაზე მეტად ადამიანზე ვრცელდება. ღმერთმა იცის თითოეულის ზრახვანი (ფს. 138,2), გულისთქმანი (ფს. 7,10) და სულთქმანი (ფს. 77,11). ღმერთი საჭიროებისამებრ მიაგებს ყველას და არ ელოდება მათ თხოვნას (მთ. 6,32), აყურადებს მვედრებელის ლოცვას, ასრულებს მის ყოველგვარ სათხოვარს, თუკი იგი წრფელია, სარწმუნოებიდან მოდის (მთ. 17,20) და სასიკეთოდ წაადგება ადამიანს ღვთის სასუფევლის ძიებაში (მთ. 6,33). უფალი გზააბნეული ადამიანის მეგზური ხდება (იგავ. 20,24), აღატაკებს და ამდიდრებს, ამცირებს და განადიდებს, თავად მიაყენებს ჭრილობებს და თავადვე აშუშებს, დასცემს და განკურნავს (იობ. 5,18). მას უყვარან მართალნი, მაგრამ ცოდვილთ სწყალობს: „არა სრულიად განრისსნეს, არცა უკუნისამდე ძჳრი იხსენოს“ (ფს. 102,9). დიდხანს ითმენს, რათა მისმა სიკეთემ ისინი „სინანულად მოიყვანოს“ (რომ. 2,4). სამყაროში უფლის ეს ყოვლისმომცველი, დაუღალავი მოღვაწეობა სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) გამოიხატება მამა ღმერთის სახელდებით - „ყოვლისამპყრობელი“.
წყარო
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90#.E1.83.97.E1.83.90.E1.83.9C.E1.83.90.E1.83.9B.E1.83.94.E1.83.93.E1.83.A0.E1.83.9D.E1.83.95.E1.83.94_.E1.83.A5.E1.83.A0.E1.83.98.E1.83.A1.E1.83.A2.E1.83.98.E1.83.90.E1.83.9C.E1.83.9D.E1.83.91.E1.83.90
No comments:
Post a Comment