სიყვარულის, სიბრალულის, სინანულის, თანაგრძნობისა და თანალმობის რელიგია, რომლის ბირთვი თავად იესო ქრისტე, - მისი ცხოვრება, პირადი მაგალითი და მის ბაგეთაგან გამოთქმული მოძღვრებაა. ქრისტე ამ მოძღვრების კაცთა შორის დასანერგად მოვიდა. თანამოსაგრეებად თორმეტი მოციქული გამოირჩია (მათე 10:2-4). მოციქულებმა და მოციქულთა მოციქულებმა, რიცხვით სამოცდაათმა, ახალი მოძღვრება - ქრისტიანობა - მსოფლიოს მოჰფინეს. ქრისტიანობა არის ხსნისა და გამოსყიდვის რელიგია. ეს მისია, საბოლოო ჯამში, ყველა რელიგიას აკისრია, მაგრამ ქრისტეს მოძღვრებას სპეციფიკური ნიშნები აქვს. ეს, პირველ რიგში, ჯვრისა და ჯვარცმის, როგორც გამოსყიდვის საშუალების, მიმართ ითქმის. ლაპარაკია არა საკუთრივ ჯვარზე, როგორც გრაფიკულ გამოსახულებაზე, არც ჯვარცმაზე - დასჯის ფორმაზე, არამედ შინაარსზე, რასაც მოიცავს ცნებები: ჯვარი და, მისგან განუყოფელი, გამოსყიდვის დოგმატი. იესო ქრისტემ ადამიანი და, მასთან ერთად, წუთისოფელი გამოისყიდა ჯვარცმამდე დამდაბლების გზით. მან მიატოვა ,,თავისი მამული’’, შეიმოსა მონის ხატი და ჯვარს ეცვა როგორც დამნაშავე, განწირული და მიუსაფარი. ახალი აღთქმის მთავარი ნიშანი ანუ სასწაული თავმდაბლობის შედეგად დაღვრილი და შეწირული სისხლია. მისი მოძღვრებისათვის ნიშანდობლივია ძველი ფასეულობების გადაფასება და ახალი ზნეობრივი კრიტერიუმების დამკვიდრება. მაგალითად, სიმდიდრე, სილაღე, თვალტანადობა, რასაც ელტვოდა წარმართთა ცნობიერება, ქრისტიანთა მიერ ჩათვლილია არაარსებით კატეგორიებად. გამოცლილი აქვს საფუძველი პრინციპს - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ამქვეყნიური დიდება, რაც ებრაელთა რჯულშიც თვალსაჩინოდ ფიგურირებდა, სახარების თანახმად სანუკვარი ფაქტი არაა. ადამიანს ადიადებს არა ძლიერი მკლავი, ანდა სავსე ქისა, არამედ უმანკო გული და სინდისი. ქრისტიანული ეთიკისა და მორალის სპეციფიკური ნიშანია შენდობა, მტერთათვის ლოცვა და ბოროტების სიკეთით გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ეს ძველ აღთქმაში არაერთგზისაა აღნიშნული პირდაპირ თუ ალეგორიულად, მაცხოვარმა იესო ქრისტემ სიმდაბლის, მოთმინებისა და მიტევების პირადი მაგალითი გვიჩვენა. რა თქმა უნდა, ზნეობის ამ რანგამდე ასვლა ადვილი არაა და ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად, ზრდა-განვითარების გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ. ხელოვნურობა ამ სფეროში დამღუპველია. არ შეიძლება, თვალნაკლულებს ვუხმობდეთ სანადიროდ, სმენადახშულებს - სასიმღეროდ, ძალააყრილთ - საასპარეზოდ. ისინი ჯერ უნდა განიკურნონ (თუკი ექვემდებარებიან მკურნალობას). ასევე, სინდისისაგან დაშრეტილნი (თუკი მკვდარნი არ არიან ამ თვალსაზრისით), ჯერ უნდა გამოვაფხიზლოთ, ვაზიაროთ ზნეობის საერთაშორისო ნორმებს - ელინურს, ებრაულს, ვედურს (ე.ი. ძველ ინდურს), თუნდაც - ათეისტურს და შემდეგ მოვთხოვოთ უმაღლესი ეთიკა - მტერთათვის ლოცვა. საზოგადოებამ, ასე ვთქვათ, ჯერ უნდა შეასრულოს ძველი აღთქმის ნორმატივი, რომ ახალი აღთქმის სამანებს ეზიაროს, გაუსწოროს თვალი ქრისტეს მოძღვრებას არა მხოლოდ გონებით და ცოდნით, არამედ ცხოვრებით - სულით და გულით. ეს ნიშნავს შემდეგს: ჯერ ათ მცნებას უნდა დავეუფლოთ და აღვასრულოთ, რომ მივეახლოთ სახარების ცხრა ნეტარებას; ჯერ კანონის წინაშე უნდა ვიყოთ მართალნი, რომ გავთავისუფლდეთ მისი მარწუხებისაგან. დაბალგანვითარებულნი ვერა და ვერ გათავისუფლდებიან კანონის ზეგავლენისაგან. თუ დააპირებენ, გაცილებით მძიმე სასჯელს დაიტეხენ თავს... ახალი აღთქმის სიღრმე და სიდიადე, ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების, მისი პირადი მაგალითის გარდა, აღბეჭდილია შეგონებებში, ლოცვებში, სასწაულებსა და იგავებში. ესენია, მაგალითად, ცხრა ნეტარება (მათე 5:4-12), მამაო ჩვენო (მათე 6:9-13; ლუკა 11:2-4), იგავი შეცდომილ ძეზე ანუ, ძველი ქართული ტრადიციით, უძღებ შვილზე (ლუკა 15:11- 32), ათ ქალწულზე (მათე 25:1-13), ლაზარეს აღდგინებაზე (იოანე 11:1-45) და სხვა.
ქრისტიანობაში, როგორც ყველა განვითარებულ რელიგიურ სისტემაში, გამოიყოფა „ორი მკვეთრად გამიჯნული შრე: ყოველდღიური და თეორიულად ჩამოყალიბებული, კონცეპტუალური რელიგიური ცნობიერება. ვინაიდან ისინი ურთიერთდამოკიდებულნი არიან, რომელიმე მათგანის პრიორიტეტზე საუბარი შეუძლებელია“ [12,16]. თავისი ოცსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ქრისტიანობამ არაერთი კრიზისული პერიოდი განვლო, რომელთა არსი, ორივე დონეზე, შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც „ეპისტემოლოგიური დაეჭვების“ პერიოდები. ყველა ეს პერიოდი ღირებულებათა ორიენტაციების სისტემის რყევით, „ავტორიტეტთა კრიზისით“ და გარესამყაროს წყობის „სხვაგვარი“ პრინციპისადმი, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი სწრაფვით ხასიათდება. ქრონოლოგიურად ისინი, თითქმის ყოველთვის, პარადიგმათა მონაცვლეობას და არსებული სემიოსფეროს სერიოზულ ცვლილებებს ემთხვევა, რაც, შესაბამისად, მხატვრულ შემოქმედებაში და, პირველ რიგში, ფერწერაში, არქიტექტურასა და ლიტერატურაში აისახება.
ადრეული ქრისტიანობა „ყველა პრიმიტიური რელიგიის ტრადიციის გაგრძელებაა - ისინი მხოლოდ თანდათან გამოერიცხნენ მას“ [31,175]. გერმანელ მეცნიერთა ამ აზრს დავამატებდით, რომ მასობრივი ცნობიერების დონეზე (ხალხურ რელიგიაში) ეს „თანდათან“ საუკუნეები გაგრძელდა და არა „გამოირიცხნენ“, არამედ გარკვეული ტრანსფორმირება განიცადეს და ნაწილობრივ შემორჩნენ კიდეც.19 ამ პერიოდისადმი ჩვენი მომეტებული ინტერესი სწორედ იმით აიხსნება, რომ ამ პროცესის ძირითადი ტენდენციები ხსენებულ პერიოდში ნათლად გამომჟღავნდა. შემდგომ ისინი თითქმის უცვლელი დარჩა ევროპის სრული გაქრისტიანების მანძილზე, რაც საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ იმდენად დიდი ცვლილება განიცადეს, რომ მათი დანახვა ერთიან, ნათელ სურათში გაცილებით უფრო რთულია.
No comments:
Post a Comment