ცდასა და დაკვირვებაზე აგებულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათაგან განსხვავებით, დოგმატური ღვთისმეტყველება ცოცხალ და წმიდა სარწმუნოებას ეფუძნება. აქ ამოსავალი საწყისია რწმენა, პირველ შემთხვევაში კი გამოცდილება. საკუთრივ შესწავლილსა და განსჯის მეთოდები ორივეგან ერთნაირია: მონაცემთა ანალიზი და დასკვნები. ოღონდ მეცნიერებაში დასკვნები ბუნებაზე დაკვირვების შედეგად შეგროვილ ფაქტებზე დაყრდნობით კეთდება, ხოლო ღვთიმეტყველებაში წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის შესწავლის საფუძველზე. ამიტომაც არის იგი საღვთისმეტყველო მეცნიერება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები კი ემპირიულია და ტექნიკური.
ამითვე აიხსნება ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას შორის განსხვავება. ფილოსოფია აგებულია მსჯელობასა და იმ მეცნიერებათა ცდისეულ დასკვნებზე, რომელთაც ძალუძთ გონება ყოფიერების უმაღლეს საკითხებს მიუახლოვონ. ღვთისმეტყველება ემყარება ღვთაებრივ გამოცხადებას. მათი აღრევა არ შეიძლება. ღვთისმეტყველება ფილოსოფია არ არის მაშინაც კი, როცა ქრისტიანული სარწმუნოების ძნელად გასაგებ, ღრმა და ამაღლებულ თემებში აზრობრივად ჩაწვდომა არის საჭირო.
ღვთისმეტყველება არ უარყოფს არც ცდისეულ მეცნიერებებს, არც ფილოსოფიას. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წმ. ბასილი დიდს დიალექტიკის სრულყოფილად ცოდნას დამსახურებად უთვლიდა. წმ. ბასილი დიდი ამ ცოდნით აქარწყლებდა ქრისტიანობის მოწინააღმდეგეთა ფილოსოფიურ მსჯელობებს. საერთოდ, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი არ სცემდა პატივს მათ, ვინც აგდებით ეკიდებოდა განსწავლულობას. თუმცა, გამოსცა რა ცნობილი სიღრმისეული განჭვრეტილი სწავლება სამების შესახებ სახელწოდებით „სიტყვანი წმიდა სამებაზე“, თავისთავზე შენიშნა: „ამრიგად, რამდენადაც შესაძლებელია მოკლედ, დოგმატურად და არა განჭვრეტით, მესათხევლის და არა არისტოტელეს მეთოდით, სულიერებით და არა ცბიერებით, ეკლესიის და არა ბაზრობის წესებით გადმოგცემთ ჩვენს კეთილად ბრძნობას“
დოგმატური ღვთისმეტყველება მორწმუნე ქრისტიანთათვის არის განკუთვნილი. იგი სარწმუნოების არსს არ განმარტავს, რადგანაც იგულისხმება, რომ ადამიანის გულში უკვე ცოცხლობს რწმენა. „მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე“ (ფს. 115,1) - ამბობს ძველი აღთქმის მართალი. უფალი იესო ქრისტეც უცხადებდა მოწაფეებს საიდუმლოს ღვთის სასუფევლის შესახებ მას შემდეგ, რაც მისი ირწმუნეს: „...უფალო, ვისა მივიდეთ ჩვენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ. და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“ (ინ. 6,68-69). წმიდა წერილის ქვაკუთხედია რწმენა, უფრო ზუსტად ამა სოფლად მოსული ძე ღვთისადმი რწმენაა პირადი გადარჩენის საფუძველი და საღვთისმეტყველო მეცნიერების სათავე: „ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ და რაჲთა გრწმენეს და ცხორება გაქუნდეს სახელითა მისითა“ (ინ. 20,31) - წერს იოანე მოციქული სახარების დასასრულს და იმავე აზრს არაერთგზის იმერორებს თავის ეპისტოლეებში. მისი სიტყვები გამოხატავს ყველა მოციქულის ნაწერთა მთავარ აზრს. „მრწამს“ - ამ აღიარებით უნდა იწყებოდეს ნებისმიერი ქრისტიანული ღვთისმეტყველება. ამ პირობით იგი განყენებული „სიბრძნე“, მსჯელობით ჩამოყალიბებული დიალექტიკა კი არა, არამედ აზრებით ღვთაებრივ ჭეშმარიტებაში შეღწევა, გონებითა და გულით უფლისაკენ ლტოლვა და მისი სიყვარულის შეცნობა იქნება. ურწმუნოთათვის კი ღვთისმეტყველება არაფერს ნიშნავს, რადგან თვით ქრისტე მათთვის არის „ლოდ შებრკოლებისა და კლდე საცთურების“ (I პეტ. 2,7; მთ. 21,44).
სწავლება ღმერთის შესახებ სარწმუნოების სიმბოლოში იწყება სიტყვით „მრწამს“. ღმერთია ქრისტიანული რწმენისათვის უპირველესი. ჩვენგან, ქრისტიანთაგან, ღვთის არსებობის აღიარება ეყრდნობა არა მსჯელობებს, არც გონებისმიერ თუ გარეგანი შეგრძნებებით მიღებულ მტკიცებულებებს, არამედ შინაგან, ზნეობრიობაზე დაფუძნებულ უმაღლეს რწმენას.
ქრისტიანთათვის „გწამდეს ღმერთი“ ნიშნავს, აღიარებდე მას არა მარტო გონებით, არამედ გულითაც ივლტოდე მისკენ.
„გვწამს“ ის, რაც გარეგნული გამოცდილებით, მეცნიერული კვლევით, გარეგან გრძნობათა ორგანოებით აღსაქმელად მიუწვდომელია. სლავურ და რუსულ ენებში ცნების „მწამს“ მნიშვნელობა უფრო ღრმაა, ვიდრე რუსული სიტყვისა „მჯერა“, რომელიც ხშირად სხვათა მტკიცებების, გამოცდილებათა უბრალოდ, შემოწმების გარეშე მიღებას აღნიშნავს. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბერძნულ ენაშიც განასხვავებს რელიგიურ რწმენას - „მწამს ვინ (რა)“ და უბრალო, პირად დაჯერებას - „მჯერა ვისი (რისი)“. იგი წერს: „ერთი და იმავე არ ნიშნავს „გწამდეს (რა)“ და „გჯეროდეს (რისი)“. ჩვენ შეიძლება ყველაფრის გვჯეროდეს, მაგრამ გვწამს მხოლოდ ღმერთი“ 1.
ქრისტიანული რწმენა საიდუმლო მოვლენაა ადამიანის სულის სამყაროში. იგი აზრზე ძლიერია, უფრო ვრცელია და ქმედითი; რთულია და თავისთავში აერთიანებს სიყვარულის, შიშის, მოწიწების, თაყვანისცემისა და თავმდაბლობის გრძნობებს. თუმცა რწმენას ძალუძს მთების შეძრვა, მაინც არ შეიძლება იგი ნებელობის გამოვლინებად ჩავთვალოთ. მორწმუნე ქრისტიანი საკუთარ ნებაზე უარს აცხადებს და მთლიანად ღვთის ნებას არის მინდობილი: „იყავნ ნებაჲ შენი ჩემ ცოდვილსა ზედა“.
რა თქმა უნდა, ქრისტიანობა გონებით ცოდნასაც უკავშირდება და მსოფლმხედველობას ქმნის. ოღონდ იგი მხოლოდ მსოფლმხედველობად რომ დარჩენილიყო, დაიკარგებოდა მისი მამოძრავებელი ძალა. რწმენის გარეშე ქრისტიანობა აღარ იქნებოდა ცოცხალი კავშირი ცასა და დედამიწას შორის. ქრისტიანული რწმენა გაცილებით მეტია, ვიდრე ცხოვრებაში გავრცელებული ის „დამაჯერებელი ვარაუდი“, რასაც რწმენას ეძახიან.
ქრისტეს ეკლესია დაშენებულია რწმენაზე, როგორც ურყევ კლდეზე (მთ. 16,18). „რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა; ... დაუყვნეს პირნი ლომთანი; დაშრიტეს ძალი ცეცხლისა; განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძლურებისაგან; ...“ (ებრ. II,33-340). რწმენით ფრთაშესხმული ქრისტიანები სიხარულით იღებდნენ წამებასა და სიკვდილს. რწმენა უწონადი ქვაა - რომელსაც შეხებით ვერ შეიგრძნობ. იგი ზეაგიტაცებს და არ განარცხებს.
No comments:
Post a Comment